აფხაზური ენა

 

აფხაზების მშობლიური ენაა აფხაზური ენა, რომელიც კავკასიური ენების ჩრდილო-დასავლურ, აფხაზურ-ადიღური ენების ჯგუფს მიეკუთვნება. ენაში გამოიყოფა ბზიფური და აბჟუური დიალექტები. მათ შორის განსხვავება ძირითადად ფონეტიკაშია. აფხაზურ სალიტერატურო ენას საფუძვლად უდევს აბჟუური დიალექტი, რომელიც ქალაქ სოხუმის სამხრეთ-აღმოსავლეთითაა გავრცელებული[11].

აფხაზურ ენას ენათესავება და მასთან ყველაზე ახლოს დგას ჩრდილოეთ კავკასიაში გავრცელებული აბაზური ენა. აფხაზურთან ერთად იგი ქმნის ერთ ენობრივ ჯგუფს — აფხაზურ-ადიღური ენების აფხაზურ-აბაზურ ქვეჯგუფს. აფხაზური და აბაზური ენები იმდენად ახლოსაა ერთმანეთთან ფონეტიკურად და ლექსიკურად, რომ მათი გაყოფა ფორმალურია და უკავშირდება მხოლოდ ტერიტორიულ დაცილებასა და სალიტერატურო ენის ორ სხვადასხვა საფუძველზე ჩამოყალიბებას[12].

აფხაზთა საკუთარი სახელწოდებაა „აფსუა“ (აფხ. аҧсуа). მსოფლიოს უმრავლეს ენაში მათი დასახელება მომდინარეობს ქართული სახელწოდებიდან „აფხაზი“. თურქულსა და ზოგიერთ ჩრდილოკავკასიურ ენაში აფხაზთა სახელწოდებაა „აბაზა“[11].

ისტორიულად შუა საუკუნეების აფხაზეთში ქართულ ენას ყოველთვის ეკავა გაბატონებული მდგომარეობა, როგორც ეთნიკურად ქართველ, ისე აფხაზ მოსახლეობაში. IX საუკუნემდე აფხაზეთში საეკლესიო ენად, როგორც ჩანს, ბერძნული ითვლებოდა, IX საუკუნიდან კი ქართული ენა ბერძნულს ეკლესიაშიც ანაცვლებს და საბოლოოდ იკავებს ადგილს აფხაზთა კულტურაში[13]. ქართული ენის წამყვან როლს აფხაზთა შორის ადასტურებს ის ფაქტიც, რომ აფხაზეთშია დაწერილი ქართულენოვანი ჰიმნოგრაფიული და ჰაგიოგრაფიული თხზულებების დიდი ნაწილი. IX საუკუნიდან აფხაზეთში დასტურდება ქართული ეპიგრაფიკაც[14].

ქართლის ცხოვრების თხზულებაში „ისტორიანი და აზმანი შარავანდედთანი“ დაცულია საინტერესო ცნობა თამარ მეფის ვაჟის, ლაშა-გიორგის სახელის (ლაშა) ეტიმოლოგიასთან დაკავშირებით. კერძოდ, აქ აღნიშნულია, რომ „ლაშა“ „აფსართა ენაზე“ განმანათლებელს ნიშნავს[15]. „აფსართა ენის“ აფხაზურ ენასთან გაიგივების საფუძველს იძლევა როგორც ფონეტიკური მსგავსება (აფსარ — აფსუა), ისე ის ფაქტი, რომ დღევანდელ აფხაზურ ენაში „ალაშა“ ნათელს, სინათლეს ნიშნავს. აღსანიშნავია, რომ ეს ცნობა, აფსარული ენის შესახებ, დაცულია ქართლის ცხოვრების XVIII საუკუნის რედაქციაში, XIII საუკუნის ნუსხაში კი „აფსარული ენა“ ნახსენები არაა. აქ ნათქვამია, რომ ლაშა განმანათლებელს ნიშნავს, თუმცა რომელ ენაზე, ეს დაკონკრეტებული არაა. მეცნიერები არ გამორიცხავენ, რომ „აფსარული ენა“ თამარის დროს მართლაც არსებობდა, შესაძლოა ეს ყოფილიყო ჩრდილოკავკასიელ ხალხთა ენა, რომლებიც აფხაზთა წინაპრებად არიან მიჩნეული. მეორე ვარაუდით კი, აფსარული ენა არის იგივე აფხაზური ენა (აფსუა), ამ ენაზე მოლაპარაკე ხალხი ისტორიულად მართლაც XVII-XVIII საუკუნეებში იწყებს ჩრდილოეთიდან ჩამოსახლებას და ქართლის ცხოვრებაშიც „აფსარული ენის“ მოხსენიება შესაძლოა სწორედ ამ ფაქტს უკავშირდებოდეს[16].

1895 წელს გამოცემულ ცნობარში, რომელშიც რუსეთის იმპერიაში მცხოვრებ ერთა შესახებაა საუბარი, ნათქვამია, რომ აფხაზთაგან წარჩინებულები საუბრობენ ქართულ ენაზე, ხოლო სხვები — განსაკუთრებულ დიალექტზე (на особом наречии), რაშიც სავარაუდოდ აფხაზური ენა იგულისხმება.


წყარო:ვიკიპედია.

Popular posts from this blog

აფხაზეთი