ახალი ათონის მღვიმე


 ახალი ათონის მღვიმე[1], ანაკოფიის მღვიმე[2], ივერიის მღვიმე (აფხ. Афон Ҿыцтәи аҳаԥы) — კარსტული მღვიმე საქართველოში. მდებარეობს ბზიფის ქედის სამხრეთ მთისწინეთში, ზღვის დონიდან 220 მ სიმაღლეზე, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკაში, გუდაუთის მუნიციპალიტეტში, ახალი ათონის ტერიტორიაზე, ივერიის მთის (344 მ) ჩრდილო კალთაზე; კურორტ ახალი ათონიდან დაშორებულია 1,5-2 კილომეტრით.[3] ჯამური სიღრმე 183 მ, ჯამური სიგრძე 3285 მ, მოცულობა 1,5 მლნ. მ³-ს აღემატება.[4] გამომუშავებულია ცარცულ-პალეოგენურ კირქვებში. ახალი ათონის მღვიმე მოცულობით მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი მღვიმეა. შედგება 11 დარბაზისაგან.

ახალი ათონის მღვიმე გამოირჩევა დარბაზების განსაკუთრებულობით. დარბაზები და ტალანები შემკულია თეთრი და ქარვისფერი სტალაქტიტებითსტალაგმიტებითსტალაგნატებითჰელიქტიტებით, სვეტებით, გაქვავებული ჩანჩქერებით, ფარდებით, მოფარდაგებულობით, კალციტის „ყვავილებით“ და „ფქვილით“, ოოლითებითპიზოლითებით; არის კირქვის უზარამაზარი ლოდების გროვები და 20-30 მ სისქის თიხის ფენები.[5] სამხრეთულ დარბაზებში წყალდიდობისას იჭრება წყალი; მღვიმის უდაბლესი სართული წყლით არის ავსებული. ერთ-ერთი სიფონური ტბის სიღრმე 26 მ აღწევს. მღვიმეში ჰაერის ტემპერატურა უდრის 12,6 °C-14,4 °C-ს, ხოლო შეფარდებითი ტენიანობა 94-100 %-ს.[6]

1961 წელს საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის სპელეოლოგიური ექსპედიცია ახალი ათონის მიდამოებში შეუდგა ლიტერატურაში მანამდე უცნობი კარსტული უფსკრულის შესწავლას, რომელიც ადგილობრივ მოსახლეობაში „უძირო ორმოს“ სახელით იყო ცნობილი. „უძირო ორმოს“ პირველ იერიშში მონაწილეობდნენ: არსენ ოქროჯანაშვილიბორის გერგედავაახალი ათონის მკვიდრი გივი სმირი და ზურაბ ტინტილოზოვი. მოიერიშე ოთხეულს ეხმარებოდა სპელეოლოგ-ენთუზიასტთა სამაშველო და დამხმარე ჯგუფი ჰ. მაისაიას, გ. კორნეევის, ა. აბაშიანისა და ა. უვაროვის შემადგენლობით. ექსპედიციის უფროსის მოვალეობას ასრულებდა დოცენტი შალვა ყიფიანი, ხოლო მოიერიშე ჯგუფისა და მიწისქვეშ ჩასატარებელი სამუშაოების ხელმძღვანელობა ზურაბ ტინტილოზოვს ევალებოდა. პირველ იერიშს თვალსაჩინო შედეგი მოჰყვა; ჭებისა და ვიწრო ნაპრალების სისტემის დაძლევით, მოიერიშე ოთხეულმა მოახერხა ჰორიზონტალურ ფსკერიან გიგანტურ მიწისქვეშა სიცარიელეში შეჭრა, რითაც დასაბამი მისცა ჩვენი დროის შესანიშნავი სპელეოლოგიური აღმოჩენების დასაწყისს. ახლად შესწავლილ მღვიმის დარბაზებმა, პირველ აღმომჩენთა უფლებით მიიღეს სახელწოდებები: „აფხაზეთი“, „ქართველ სპელეოლოგთა“, „თიხის“, „ივერია“, „ტაძარი“, „სოხუმი“, „თბილისი“ და „ჰელიქტიტების სალონი“.[4]

მომდევნო წლებში ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის ექსპედიციები ახალი ათონის ხშირი სტუმრები გახდნენ. იკვლევდნენ მღვიმე-უფსკრულის მორფოლოგიისჰიდროლოგიისჰიდროგეოლოგიისმიკროკლიმატისმინერალოგიისა და სხვა საკითხებს. უფსკრულში ყოველდღიური ჩასვლა და ამოსვლა დიდ სიძნელეებთან იყო დაკავშირებული, ამიტომ საქართველოში პირველად საბაზო ბანაკები მოეწყო და ექსპედიციები ცხოვრობდნენ მიწისქვეშ. ასე, მაგალითად, მეორე ექსპედიციამ, უფსკრულში 65, ხოლო მესამემ — 105 საათი დაჰყო.[4]

ახლად მიკვლეულ ბუნებრივ ძეგლზე გამოქვეყნებულმა პირველმა მასალებმა სათანადო ორგანიზაციების ყურადღება მიიპყრო. საქართველოს სსრ მინისტრთა საბჭომ ვახუშტი ბაგრატიონის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტის რეკომენდაციებით მიიღო გადაწყვეტილება ტურისტული მიზნებისათვის აღნიშნული ძეგლის კეთილმოწყობის თაობაზე. ამასთან დაკავშირებით ჩამოყალიბდა მეოთხე ექსპედიცია; მის შემადგენლობაში შევიდნენ არქიტექტორები რაფიელ რიჟინაშვილი და თეიმურაზ მარკოზაშვილი, ინჟინერ-მარკშაიდერები ა. გოფი და მ. ახმეტელაშვილი, კინოდოკუმენტალისტები ვ. მიქელაძე, ე. გერმესაშვილი და სხვები. ახალბედებს უფსკრულში მიუძღვოდა სპელეოლოგთა ჯგუფი ა. ოქროჯანაშვილის, ლ. ქალდანის, რ. ნავერიანის, რ. სუჯაშვილისა და ზურაბ ტინტილოზოვის მონაწილეობით.[4]

ექსპედიციის ამოცანას შეადგენდა მღვიმური სისტემის ინსტრუმენტული აგეგმვა, საცდელი კინომასალის გადაღება. ექსპედიციამ მიწისქვეშ 198 საათს დაჰყო. დასახული პროგრამა წარმატებით შესრულდა. ინჟინერ-მარკშაიდერებმა ქაღალდზე მთელი სიზუსტით გამოსახეს მიწისქვეშა ქალაქის „პროსპექტები“, ხოლო გადაღებულმა კინომასალამ, ინტერესი ამ ძეგლის კეთილმოწყობისადმი კიდევ უფრო გაზარდა.[4]

ახალი ათონის მღვიმის აღმოჩენისა და შესწავლისათვის მკვლევართა ჯგუფს, კერძოდ, ზურაბ ტინტილოზოვსშალვა ყიფიანსარსენ ოქროჯანაშვილს, არქიტექტორებსა და ინჟინერ-მშენებლებს, კერძოდ, ვიქტორ გოცირიძესგაიოზ ჯაყელსერმალოზ მამულიასივანე კოჟუხოვსგივი ციმინტიასრაფიელ რიჟინაშვილსანატოლი გოფსვალერი ვოუბასა და თეიუმურაზ მარკოზაშვილს მიენიჭათ სსრკ-ის სახელმწიფო პრემია.[6]

ახალი ათონის მღვიმე 1961 წელს აღმოაჩინა და შეისწავლა საქართველოს მეცნიერებათა აკადემიის ვახუშტი ბატონიშვილის სახელობის გეოგრაფიის ინსტიტუტმა. „საქქალაქმშენსახპროექტის“ ინსტიტუტის პროექტით ტურისტული მიზნებისათვის კეთილმოწყობილ იქნა „თბილგვირაბმშენის“ მიერ და გაიხსნა 1975 წელს.[7]

1975 წლის 4 ივლისს ახალი ათონის მღვიმეში ამოქმედდა ახალი ათონის მღვიმური რკინიგზა, რომლის ხაზის სიგრძე 1291 მეტრია. აქვს 3 სადგური.[8] აღსანიშნავია, რომ 1975-2014 წლებში ახალი ათონის მღვიმეს ემსახურებოდა რიგის ვაგონსაშენი ქარხნის მიერ გამოშვებული ელექტრომატარებელი „ტურისტი“, ხოლო 2014 წლიდან იგი შეცვალა ელექტრომატარებელმა ეპ-563-მა, რომელიც აგრეთვე რიგის ვაგონსაშენი ქარხნის მიერაა გამოშვებული.[9]

1994 წელს ასტეროიდ იდის ერთ-ერთ კრატერს, რომლის დიამეტრი 0,8 კმ.-ია, ახალი ათონის მღვიმის სახელი ეწოდა.[10]


წყარო: ვიკიპედია

Popular posts from this blog

აფხაზეთი