ბესლეთის ხიდი, ქალაქი სოხუმი
პალეოგრაფიული ნიშნების, კედლის წყობისა და სამშენებლო მასალების თვისებურებების მიხედვით ძეგლი მიეკუთვნება XI საუკუნეს. ხიდი თაღურადაა გადაწყვეტილი, რომლის მალი შეადგენს 6 მეტრს, სიგრძე — 13,2 მეტრს. მდინარის უშუალო დონიდან თაღის სიმაღლე 8,4 მეტრია, ხოლო სუფთად თაღის კი — 5,9 მეტრი.
ხიდი აგებულია დიდი ზომის მაგარი ჯიშის კირქვებისაგან, რომელთა სიგრძე ერთ მეტრამდე აღწევს, განი — 0,35 მეტრს. ქვებზე ორნამენტული სიფაქიზით ამოკვეთილია ქართული ასოები — ასომთავრული. ქვებს შორის ორ რიგად ჩრთულია თხელი ოთხკუთხური მეტად მტკიცე სიმაგრის კარგად გამომწვარი აგური.
ხიდისთვის შერჩეულია, როგორც ესტეთიკურად, ისე ტექნიკურად მოხერხებული ადგილი — მდინარის ვიწრო ყელი, კლდოვან ფენებზე. კირის ხსნარი, რომლითაც აგებულია ხიდი, საუკუნეების განმავლობაში ქვაზე მტკიცე გამხდარა.
ხიდთან ადრე ბესლეთის ციხე მდგარა, რომელიც ვიწრო ხეობაში ქალაქის შემოსასვლელს მთის ტომების თავდასხმებისგან იცავდა. ხიდის თავთან ბოლო დრომდე შემონახული იყო მონუმენტური ქვა-სტელა ქართული ტექსტით. 1990-იანი წლების დასაწყისში სტელა დაიკარგა.
ვინაიდან ტერიტიტორია ამჟამად ოკუპირებულია რუსეთის მიერ, ბესლეთის ხიდის შესწავლა და რესტავრაცია შეუძლებელია, ხიდი საჭიროებს მცენარეული საფარისგან გასუფთავებას.
წყარო:ვიკიპედია
